აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ლეონ პანეტტა დარწმუნებულია, რომ არსებობს სერიოზული საფრთხე იმისა, რომ ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტზე დარტყმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე მიიტანოს. ეს განცხადება პანეტტამ გაზეთ "ვაშინგტონ პოსტთან" საუბარში გააკეთა.
მისივე თქმით, დარტყმა შესაძლა განხორციელდეს აპრილში, მაისში ან ივნისში, ანუ მანამ ვიდრე ირანი ე.წ. იმუნიტეტის ზონას გადალახავს და ატომური ბომბის დამზადებას შეუდგება.
ამასთან ერთად, აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ასევე აცხადებს, რომ მან და აშშ-ს პრეზიდენტმაც ბარაკ ობამამ "აუხსნეს ისრაელს, რომ აშშ ირანისათვის დარტყმის მიყენების წინააღმდეგია, მათ სჯერათ, რომ მზარდი საერთაშორისო სანქციები, რომელიც ირანის მიმართ არის შემოღებული, ამ ისლამურ სახელმწიფოს საშუალებას არ მისცემს სახიფათო ზღვარი გადალახოს".
პანეტტა ასევე აცხადებს, რომ აშშ-ს ჯერ გარკვეული არ აქვს, თუ როგორ მოიქცევა იმ შემთხვევაში თუ ისრაელი მაინც დაარტყამს ირანს.