დღეს, 3 თებერვალს ბრიუსელში ქართველი ემიგრანტებისგან შემდგარი ფოლკლორული ანსამბლი "ბარაკონი" სოლოკონცერტს გამართავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ანსამბლის ხელმძღვანელმა, დავით ცხვედიანმა განუცხადა, "ბარაკონი" ბრიუსელის წმ. თამარ მეფის ქართულ ეკლესიაში მოღვაწეობს, რომლის წინამძღვარია არქიმანდრიტი - მამა დოსითეოზი.
"ბელგიელი მუსიკოსები დაინტერესდნენ ქათული ტრადიციული სიმღერებითა და საგალობლებით, რასაც რეცენზიაც კი მიუძღვნეს. ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა სოლოკონცერტი, რომლის ორგანიზატორია ბელგიის ფოლკლორის ცენტრი. კონცერტზე შევასრულებთ რაჭული სიმღერების პოპურს, "მრავალჟამიერს", "შენ ხარ ვენახის" და "წმიდაო ღმერთოს", - განაცხადა ცხვედიანმა.
ანსამბლი 2010 წელს შეიქმნა და ათი წევრისგან შედგება. დავით ცხვედიანი საქართველოს საპატრიარქოს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდში მღეროდა. ასევე, იყო ანსამბლების: "ბასიანი", "ზარები", მეხური", ბიჭები" წევრი.