საქართველოს და აშშ-ს პრეზიდენტებს შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებში არ უხსენებიათ საქართველოში კონფლიქტების დარეგულირების საკითხი, რაც დასტურია იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს დაგვავიწყოს აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრმა მამუკა აჩბამ განაცხადა.
მისი თქმით, როგორც აღმოჩნდა, ასეთი მაღალი რანგის შეხვედრაზე სააკაშვილისთვის მთავარი და პრიორიტეტულია მხოლოდ აშშ-სთან სავაჭარო ურთიერთობები, ავღანეთის ოპერაციებში ქართველების მონაწილეობა და არა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა.
"ყველაზე შემაშფოთებელი კი ისაა, რომ ქართველი ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერებიც კი ვიზიტის შეფასებებში განიხილავენ ყველაფერს გარდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა. ისინი ასევე საერთოდ არ ახსენებენ ქვეყანაში არსებულ პოლიტპატიმრებს და 26 მაისს სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მოწყობილ სისხლიან სადამსჯელო ოპერაციას, რომლის შესახებ საკუთარ დასკვნებში უმძიმეს შეფასებებს აქვეყნებს მსოფლიოს უკლებლივ ყველა საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია", - განაცხადა აჩბამ.