რუსები შედარებით ჩვენზე ძლიერები არიან, მაგრამ მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ძლიერები ჩვენც ვართ - ისინი კი სუსტები. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთში ოპოზიციის ყველა ფიგურას სურს საქართველოს მსგავსი რეფორმები.
" რუსეთში ბესტსელერად არის ქცეული ახალგაზრდა ავტორის წიგნი "რატომ გამოუვიდა საქართველოს". ჩვენი და რუსეთის მეზობელი ქვეყნის ლიდერმა მითხრა, რომ ექვსჯერ წაიკითხა ეს წიგნი. საქართველოში დიდი კულტურული ცვლილება განხორციელდა და რუსები სიფრთხილით გვიყურებენ. ჩვენთან იყო ჩამოსული მნიშვნელოვანი რუსული დელეგაცია. წელს რამდენიმე ათას რუს ტურისტს ველოდებით. შესაძლოა ეს ციფრი მილიონიც გახდეს. მათ მოსწონთ საქართველო და ბედნიერები ბრუნდებიან. ჩვენ ვადევნებთ თვალს სოციალურ მედიას და ვხედავთ უკურეაქციას. ჩვენ მივეჩვიეთ კარგ გზებს, ლამაზ შენობს, მომღიმარ პოლიციელებს, მაგრამ რუსებისთვის ეს ყველაფერი უცხოა. ეგონათ, რომ მხოლოდ ევროპაში იყო ასე", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, რუსეთში ისმის ლოზუნგები, რომ განხორციელდეს ისეთი რეფორმები, როგორიც განხორციელდა საქართველოში. სააკაშვილისვე მტკიცებით, დიმიტრი მედვედევმა პოლიციის რეფორმა საქართველოსგან გადაიღო.