ზაზა მარჯანიშვილი კონცერტისთვის ემზადება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ჯაზმენმა განუცხადა საღამოსთვის უკვე ახალი მუსიკა იწერება.
"მინდა გავაკეთო უფრო მცირე, უფრო კამერული და თეატრალიზებული საღამო. ჯერ მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა თეატრთან. მუსიკა იწერება და ალბათ, 2 თვეში მზად ვიქნები კონცერტი ჩავატარო", - აღნიშნა მარჯანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 15 იანვარს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ზაზა მარჯანიშვილის საავტორო კონცერტი "საჩუქარი თბილისს" გაიმართა, სადაც სპეციალურად ამ საღამოსთვის ახალი ორლეანიდან - სტივ მასაკოვსკი (გიტარა), მარკ ბრაუ (საყვირი), როლანდ გუერინი (ბასი), დაგ ბელოუტი (დასარტყამი ინსტუმენტები) ჩამოვიდნენ.
როგორც ზაზა მარჯანიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" აღნიშნა ახალ კონცერტში მონაწილეობა საზღვარგარეთიდან ჩამოსულმა ჯაზ მომღერლებმა შესაძლოა ვერ მიიღონ.
"ძალიან ძნელია ასეთი რანგის მუსიკოსების ჩამოყვანა ყოველწუთს, იმიტომ რომ სულ აქვთ ტურები, სულ აქვთ გაწერილი მთელი წლის გეგმები, თუმცა არის შანსი იმისა, რომ რამდენიმე სხვა მუსიკოსები ჩამოვიყვანო. ძალიან ბევრი მეგობარი დამიგროვდა 17 წლის განმავლობაში და შეიძლება მარტო ქართული ძალებით გადავწუვიტოთ ეს პრობლემა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მარჯანიშვილმა.
თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზის სცენაზე დაახლოებით 40 ხელოვანი იდგა, მათ შორის, 7 მომღერალი, სიმფონიური ორკესტრი და სპეციალურად კონცერტისთვის ახალი ორლეანდიდან ჩამოსული ზაზა მარჯანიშვილის მეგობრები.
ზაზა მარჯანიშვილის პირველი საკონცერტო ტურნე 6 წლის ასაკში შედგა. 15 წლისამ ჩამოაყალიბა ჯგუფი, რომელშიც ასრულებდა საკუთარ კომპოზიციებს. 1989 - 1993 წლებში იყო ფოლკ-ჯაზ ჯგუფის "ადიოს" წევრი. 1993 წელს გამოვიდა მისი პირველი სოლო ალბომი. 1994 წლიდან მოღვაწეობს აშშ-ში, სადაც საკუთარ სტუდია დაარსა. 1996-2002 წწ. მუშაობს ჰოლივუდში და ქმნის კინომუსიკას. არის მხატვრული ფილმების (Shadow of Doubt - მელანი გრიფიტისა და ტომ ბერენჯერის მონაწილეობით, Fallen Angel, Telephone, Samuel და სხვ.). მრავალი სატელევიზიო სერიალის, სპექტაკლების, სარეკლამო რგოლების და ტრეილერების მუსიკის ავტორი.
ბოლო ალბომი 2010 წელს გამოვიდა, რომელიც ჩაიწერა 3 ქვეყანაში - აშშ, საქართველო, გერმანია. მან, როგორც პროდიუსერმა 150-ზე მეტი ალბომი შექმნა.