საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბარაკ ობამასთან და ჰილარი კლინტონთან შეხვედრისას მოისმინა ყველაფერი რისი მოსმენაც სურდა.
" სახელმწიფო დეპარტამენტიდანაც და ოვალური კაბინეტიდანაც გამოვდივარ ამაღლებული განწყობით, რადგან ვისმენ ყველაფერს, რისი გაგებაც მსურს. აქ ადრეც ვიმყოფებოდი, მაგრამ ამჯერად ჩვენი ქვეყანაც მომწიფდა გამოწვევების საპასუხოდ. ვფიქრობ, ახლა გადავდივართ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე. რამდენიმე წლის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ოდესმე საქართველო მზად იქნებოდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისთვის და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად. ვამაყობ, რომ ვმსახურობთ ავღანეთში. წლების წინ ესეც წარმოუდგენელი იყო. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად საქართველოს უნდა გაევლო ეს ეტაპი კარგი პარტნიორის სტატუსის მოსაპოვებლად", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ჰილარი კლინტონთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
მიხეილ სააკაშვილმა ჰილარი კლინტონს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ძლიერი მხარდაჭერისთვის.
"ეს მხარდაჭერა არა მარტო სიტყვებით გამოიხატება, არამედ ქმედებითაც, რადგან ეს ყოველდღიური საქმეცაა და ბრძოლაც. ზოგჯერ ეს მთებში ბრძოლას გავს რადგან მიმართულია იმ ძალის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს ძირი გამოგვითხაროს. საქართველო მომწიფებული ქვეყანა ვერ გახდებოდა თქვენი პირადი ჩარევის გარეშე და მოუთმენლად ველით თქვენს ნახვას ბათუმში. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ასეთი დახმარებისთვის. ჩვენ რეგიონში საქართველოს ბევრი ხალხი უყურებდა და უყურებს, მაგრამ ხელცარიელი ჩვენ არ ვბრუნდებით", - მიმართა კლინტონს სააკაშვილმა.