საპარლამენტო უმრავლესობის მტკიცებით, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პერსონალურ კარიერაზე ფიქრისთვის ჯერ არ სცალია. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა "The Washington Times"-ში გამოქვეყნებული სტატიის შეფასებისას განუცხადა.
"მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ გარკვევით თქვა, რომ მისთვის პერსონალური კარიერაზე ფიქრის დრო არ არის და ის კონცენტრირებულია თავის საქმეზე", - აღნიშნა გაბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტს აქვს უზარმაზარი ვალდებულებები, ასევე გასატარებელი აქვს ბევრი რეფორმა და პროექტი, რომელიც მიმართულია საქართველო შეცვალოს უკეთესობისკენ.
"პერსონალურ კარიერაზე ის ახლა არ ფიქრობს", - აცხადებს დეპუტატი და აქვე დასძენს, რომ სამომავლოდ სააკაშვილის და მმართველი გუნდის მიზანი იქნება, რომ ქვეყნის მიერ აღებული კურსი გაგრძელდეს და არ შეიცვალოს.
"რა თქმა უნდა მისი მიზანი იქნება რომ ეს კურსი გაგრძელდეს და არ შეცვალოს, მაგრამ პიროვნულ, პერსონალურ საკითხებზე ის კომენტარს არ აკეთებს და არ გააკეთებს, რადგან ამაზე საუბარი 2012 წელს, როცა 2013 წელს არის საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნული ნაადრევია", - მიაჩნია გოკა გაბაშვილს.
შეგახსენებთ, რომ "The Washington Times"-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "საქართველოს პრეზიდენტი არ გამორიცხავს პრემიერ-მინისტრად გახდომის შესაძლებლობას", რომლის ქართულ თარგმანსაც Foreignpress ავრცელებს.