"ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში ციხე პატიმრის გამოსწორებას ისახავს მიზნად. ჩვენთან კი, ჯერ-ჯერობით, ეს ვერ ხორციელდება". ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საშობაო ეპისტოლეში ბრძანებს. მისი უწმინდესობა ციხესთან დაკავშირებულ პრობლემებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პატიმრობა ადამიანისთვის ერთ-ერთი მძიმე სასჯელია.
"სამწუხაროდ, საქართველოში ასეთ მდგომარეობაში მრავალნი იმყოფებიან, რაც ისედაც მცირერიცხოვან ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაზე, რა თქმა უნდა, უარყოფით გავლენას ახდენს. ამას ემატება ისიც, რომ საპყრობილეში არსებულ მძიმე პირობებს ქვეყნის სოციალური გაჭირვება კიდევ უფრო აუტანელს ხდის. ვითარებას ისიც ართულებს, რომ შედარებით მსუბუქი და უკიდურესად მძიმე დანაშაულის მქონე ადამიანები ერთად იხდიან სასჯელს", _ აღნიშნავს კათოლიკოს-პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში.
ილია II მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს მცირე დანაშაულის მქონე პირების განცალკევება და შედარებით მსუბუქ რეჟიმში ან მიმაგრებაში გადაყვანა, რათა მათ დასაქმების საშუალებაც ჰქონდეთ და ოჯახთან კავშირიც შეინარჩუნონ.