ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოს ხელისუფლების ფორმალურ ტრანსფერში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები იგულისხმა. ამის შესახებ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ნაცვლად სხვა სცენარი საქართველოსთვის, რომელიც რეგიონში მაგალითი რეგიონში დემოკრატიის განვითარებისა, მიუღებელია.
"ამერიკის შეერთებული შტატები არის დემოკრატიული სამყაროს ლიდერი და ის როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყანაში მხარს უჭერს დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებს. იქ ძალიან კარგად ესმით, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ნებისმიერი არჩევნები არის ხელისუფლების ფორმალურად გადაცემა, იმ მანდატით არჩეული რა მანდატითაც არის არჩეული ხელისუფლება, არჩევნებისთვის მანდატს გადასცემს ისევ ხალხს და ხალხი შემდგომ გადასცემს ამ მანდატს მას, ვისაც აირჩევს. ეს შეიძლება იყოს იგივე პოლიტიკური ძალა, ან სხვა პოლიტიკურ ძალა იმის მიხედვით, თუ რომელს აირჩევს ხალხი. ყველა შემთხვევაში არჩევნები არის სახელმწიფო მანდატის ფორმალური ტრანსფერი ხალხიდან მის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე. აშშ-ში 200-ზე მეტი წელია ეს ასე ესმით და წარმოუდგენელია ეს ესმოდეთ სხვანაირად. ქართულ საზოგადოებასაც ასე ესმის, რომ საქართველოს ხელისუფლებას აირჩევს ქართველი ხალხი. აქ არც საბჭოთა სტილის დანიშვნები მუშაობს და არც ხელისუფლების ფულით ყიდვა. ეს იქნება თავისუფალი, სამართლიანი საარჩევნო პროცესი სადაც ქართველი ხალხი აირჩევს იმ ხელისუფლებას, რომელიც მას უნდა. ეს ასე იქნება 2012 წელსაც და 2013 წელსაც. ობამამ როდესაც ხელისუფლების ფორმალური ტრანსფერი ახსენა, იგულისხმა სამართლიანი დემოკრატიული არჩევნები საქართველოში", - განაცხადა გაბაშვილმა.
მისი თქმით, მას ეღიმება იმ ადამიანებზე, რომლებიც ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საბჭოთა კავშირი და იქ საქართველოს რაიონის რაიკომის მდივანს ნიშნავს ვიღაცა.
"საქართველოში მალე ძალაუფლების ფორმალური გადაცემა მოხდება, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს უკვე განხორციელებულ რეფორმებს", - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 30 იანვარს, ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.