"თიბისი გალერეაში" ქართველი ავანგარდისტი მხატვრის, კარლო კაჭარავას აქამდე უცნობი ნამუშევრები 5 დღის განმავლობაში გამოიფინება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნამუშევრები კაჭარავას ოჯახის კოლექციიდანაა. მათ შორისაა ნახატები, რომლებიც ფართო საზოგადოებას აქამდე არ უნახავს.
გამოფენა პროექტ "ქართული მხატვრობის" ფარგლებში ეწყობა. 30 იანვარს "თიბისი გალერეაში" ალბომის "კარლო კაჭარავა" პრეზენტაციაც გაიმართა.
კარლო კაჭარავა მეოცე საუკუნის ქართველი მხატვარი, პოეტი, ესეისტი და კრიტიკოსი მონაწილებდა ახალგაზრდა მეცნიერთა სიმპოზიუმში (ბაკურიანი 1988), ავანგარდისტული ხელოვნების პირველ საბჭოთა ფესტივალში (ნარვა 1988), ხელოვნებათმცოდნეთა საერთაშორისო სემინარში (პალანგა 1988), ხელოვნებათმცოდნეთა საკავშირო სემინარში ( სენეჟი 1989), საერთაშორისო ფესტივალში MARS (პარიზი 1990), საერთაშორისო ფესტივალში BIAF (ბარსელონა 1990). მუშაობდა ფრანცუაზა ფრიდრიხის გალერეაში (კიოლნი 1991). არის 40-მდე გამოფენის მონაწილე. მისი ნახატები დაცულია მსიფლიოს მრავალი ქვეყნის (მოსკოვი, ნიუ-იორკი, ლონდონი, ჰელსინკი, ბარსელონა პარიზი, ბერლინი და სხვა) გალერეებში, მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. მან თავის მეგობრებთან (მამუკა ცეცხლაძე, გოგა მაღლაკელიძე, გია ლორია) ერთად 1984 წელს დააარსა მხატვართა ჯგუფი "არქივარიუსი". იყო ჯგუფის მანიფესტის ავტორი. შემდეგ უფრო დიდი ჯგუფის "მეათე სართულის" ლიდერი. იყო ჟურნალ "ლიტერატურა და ხელოვნების" რედკოლეგიის წევრი, ახალგაზრდა კრიტიკოსთა ასოციაციის გამგეობის წევრი.
კაჭარავა 1994 წლის 9 აპრილს, მძიმე ავადმყიფობის შემდეგ, 30 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ საქართველოსა და აშშ-ში მოეწყო მისი ნახატების 8 პერსონალური გამოფენა (თავის სიცოცხლეში მას პერსონალური გამოფენა არ ჰქონია), გამოიცა კარლო კაჭარავას საავტორო გაზეთის ნომერი (1994), მისი ნაწერების ორტომეული (2006). სიკვდილის შემდეგ ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა გიორგი ჩუბინიშვილის სახელმწიფო პრემია (1997). მისი შემოქმედებითი დანატოვარი შეადგენს: 40-მდე სამეცნიერო სტატიას, 900-მდე ფერწერას, 3700-მდე გრაფიკას, 1500-მდე ლექსს, 4 პოემასა და დაუმთავრებელ წიგნს, სათაურით: "თანამედროვე ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი".