"ქრისტიან-დემოკრატები"პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და შინაგან საქმეთა მინისტრ ივანე მერაბიშვილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მესიჯების კარგად გაგებას ურჩევენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ "ხელისუფლების ფორმალური გადაცემის" კონტექსტის განმარტებისას განუცხადა.
"უმთავრესი პირობა არის დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და აშშ-ის ადმინისტრაციაც იმ ხელისუფლებასთან ითანამშრომლებს, ვისაც ქართველი ხალხი დაუჭერს მხარს. ეს კი ნიშნავს იმას, თუ ხელისუფლება არადემოკრატიულად ჩაატარებს არჩევნებს და თან მოიგებს, მას ასეთ შედეგს არავინ შეარგებს", - დასძინა ვეფხვაძემ.
დეპუტატმა რუსეთის საპარლამენტო არჩევნები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ატომური ქვეყანაა და ევროკავშირი მის ენერგომატარებლებზეა დამოკიდებული, არჩევნების გაყალბების შემდეგ ევროპის დამოკიდებულება მოსკოვის მიმართ ყველასთვის ცნობილია.
"შესაბამისად ჩვენ მიმართ განსხვავებული პოზიცია არ იქნებათ და ეს უნდა გაითვალისწინონ სააკაშვილმაც და მერაბიშვილმაც, რომელსაც მთელი ძალოვანი სტრუქტურა მობილიზებული ჰყავს საარჩევნოდ, რომ ქვეყანა შარში არ გახვიონ", - დასძინა ვიცე-სპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის დასეულების შემდეგ ბარაკ ობამა აღნიშნა, რომ საქართველოში მალე ძალაუფლების ფორმალური გადაცემა მოხდება.