ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება რუსეთისთვის უსიამოვნო გზავნილი იქნება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობების გაღრმავების შეფასებისას აღნიშნა, რომლის შესახებაც პრეზიდენტ ობამამ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ეს, შესაძლოა, ძალიან უსიამოვნო იყოს რუსული მხარისთვის, მაგრამ ყველამ იცის, რომ საქართველოსთვის უმთავრეს საფრთხეს ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების კუთხით რუსეთი წარმოადგენს. სწორედ მან განახორციელა აგრესია, ის არის ოკუპანტი ქვეყანა, რომელიც საქართველოს ტერორიზებას აგრძელებს სხვადასხვა მიმართულებით, რათა ჩვენმა ქვეყანამ ვერ შესძლოს თავისუფალი და დემოკრატიული განვითარება", - განაცხადა წიკლაურმა.
მისი შეფასებით, როდესაც აშშ ლაპარაკობს ასეთი მაღალი ხარისხის თანამშრომლობაზე, ეს ნიშნავს, რომ ამერიკას გადაწყვეტილი აქვს თავის სტრატეგიული პარტნიორთან ურთიერთობების გაღრმავება ყველა მიმართულებით, მათ შორის სამხედროთი.
"ცხადია, ეს რუსეთისთვის ძალიან უსიამოვნო გზავნილია, რადგან ის ვეღარ შეძლებს ტერიტორისტული აქტების მოწყობით, ადამიანთა გატაცებით და სხვა ქმედებებით საქართველოს დატერორებას", - აღნიშნა დეპუტატმა და დასძინა, რომ კრემლის აგრესიული არეალი და უკანონო ქმედებები იზღუდება.
მისი შეფასებით, არანაკლებ უსიამოვნო იქნება რუსეთის რეტროგრადი ლიდერებისთვის იმის გაცნობიერება, რომ აშშ საქართველოსთან ახალ ეკონომიკური კავშირების შექმნას იწყებს.
"ეს ნიშნავს, რომ საქართველო მაქსიმალურად სცილდება იმ რეტროგრადულ სივრცეს, რომელსაც სათავეში რუსეთი უდგას", - მიაჩნია წიკლაურს.