საქართველოში თუ არ ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები, არ იქნება არც ნატო და არც აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობა. ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების შეფასებისას აღნიშნა.
"მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ითქვა კონკრეტული შედეგების შესახებ, მაგრამ ამ ყველაფერს თავისი წინაპირობები აქვს, რომელიც სამი პუნქტისგან შედგება. ეს არის: პირველი - დემოკრატია, მეორე - დემოკრატია, მესამე - დემოკრატია და სამივე პუნქტი ერთად გულისხმობს დემოკრატიულ არჩევნებს", - აღნიშნა ვეფხავაძემ
მისი შეფასებით, ამ არჩევნებისა და დემოკრატიის განვითარების გარეშე ეს შედეგი დარჩება ლაპარაკად და არაფერი ამას არ მოჰყვება, რასაც კარგად უნდა აცნობიერებდნენ სააკაშვილიც და მისი ხელისუფლების ტრუბადურები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ეს მათი პიკია და ხელისუფლების ზენიტში არიან.
"როცა ფიქრობენ, რომ ზენიტში არიან სწორედ მაშინ აქვთ პრობლემები. მთავარი წინაპირობა უკვე ნათქვამია, რომ ეს არის დემოკრატიული არჩევნები და დემოკრატიის განვითარება ქვეყანაში. არ იქნება ეს - მაშინ არ იქნება არც ნატო და არც თავისუფალი ვაჭრობა აშშ-სთან და ეს იქნება დასასრული დღევანდელი მმართველი გუნდისა არა მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნის, ასევე პოლიტიკაშიც", - მიაჩნია ოპოზიციონერ ვიცე-სპიკერს.
ვეფხვაძის თქმით, თუ საქართველო უარს ვიტყვით დასავლეთთან და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, მაშინ საქართველო რუსეთთან ერთი-ერთში დარჩება.
"რუსეთთან ერთი-ერთში 90 წლების დასაწყისში ვიყავით და რა დღეშიც ჩაგვაგდო, ყველას ახსოვს", - განაცხადა დეპუტატმა და დასძინა, რომ ამერიკასთან ურთიერთობა და ნატოშიც შესვლაც სწორედ ეროვნული ინტერესების დაცვისთვის უნდა ხდებოდეს.