გიორგი ოვაშვილი თბილისზე ფილმს აღარ გადაიღებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" რეჟისორმა განუცხადა, სცენარი "ეროვნულ კინოაკადემიაში" სამი თვის წინ ჩააბარა, პასუხი კი ამ დრომდე არ მიუღია.
"სამი თვის წინ ჩავაბარე სცენარი, თუმცა პასუხი ჯერ არ მომსვლია. ამიტომ უკვე სხვა პროექტზე დავიწყე მუშაობა და მთელი წელი გაწერილი მაქვს", - აღნიშნა ოვაშვილმა.
"ჯი-ეიჩ-ენთან" რეჟისორმა ახალ გეგმებზედაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალ ფილმს, სახელწოდებით "სიმინდის კუნძულებს" იღებს, რომლისთვისაც მსახიობებს არჩევს.
"გადაღებები მდინარის შუაგულში უნდა უნდა განვითარდეს. მიმდინარეობს ადგილების შერჩევა. ასევე ვეძებთ 16 წლის გოგონას და მოხუც მამაკაცს, რომელიც მიიღებენ ამ ფილმში მონაწილეობას. ჟანრობრივად ფსიქოლოგიური დრამაა, რომლისთვისაც შესაძლოა საზღვარგარეთიდან ჩამოვიყვანოთ მსახიობები", - განაცხადა ოვაშვილმა.
"სიმინდის კუნძული" 4 ქვეყნის - ქართული, ფრანგული, გერმანული და შვეიცარიული - წარმოებაა.
ცნობისთვის, გიორგი ოვაშვილის სარეჟისორო ნამუშევარია მხატვრული ფილმი "გაღმა ნაპირი", რომლის სცენარის ავტორი ნუგზარ შატაიძეა. ფილმი კინოეკრანებზე 2009 წელს გამოვიდა.