რამაზ და ნატაშა ჩხიკვაძის შვილიშვილი მოდის ჩვენებას მათ ხსოვნას უძღვნის. როგორც ნატალია ჩხიკვაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ჩვენებას რუსთაველის თეატრში, რამაზ ჩხიკვაძის საღამოზე მოაწყობს.
"კოლექციის შექმნა ბებიაჩემთან ერთად დავიწყე. ერთ-ერთი კაბა მან თავად დამიხატა, რაღაც დეტალები კი შევცვალე, მაგრამ ძალიან ვნერვიულობ. სამწუხაროდ, ის ვეღარ დაესწრება ამ ჩვენებას, არადა, ყველაზე დიდი კრიტიკოსი ბებია იყო. ჩვენების პირველ ნაწილში გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას წარვადგენ. მეორე ნაწილში კი ბაბუას ნახატებისა და როლების ჩვენებას მოვაწყობ, რომელსაც მაისურსა და პერანგზე გადავიყვან", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" ნატალია ჩხიკვაძემ.
რამაზ ჩხიკვაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, 28 თებერვალს რუსთაველის თეატრში ღონისძიება ეწყობა, სადაც მსახიობის აქამდე უცნობი ნახატები გამოიფინება. 28 თებერვალს, რამაზ ჩხიკვაძის მემორიალური დაფაც გაიხსნება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ოჯახის ახლობელმა, მაკა საჯაიამ განუცხადა.
მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე 83 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.