საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას განცხადებით, ცინვალის რეგიონში სიტუაციის ნებისმიერი ესკალაცია ქართული მხარისთვის დამაფიქრებელი და არასასიამოვნოა.
"იმედს ვიტოვებთ, რომ ეს არ მოხდება. ყველა იმ მექანიზმებით და საერთაშორისო ჩართულობით, რომელიც ამჟამად არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან, ვეცდებით, რომ რაც ძალა და შესაძლებლობა გაგვაჩნია ზემოქმედება მოხდეს ჩვენი მხრიდან. ჩვენ პირდაპირი ჩარევის შესაძლებლობა არ გვაქვს. თუმცა მე არ მგონია, რომ ერთი და იმავე ცენტრიდან მართულ ორ შტოში ისე დაიძაბოს ურთიერთობა, რომ სხვაგარად არ გადაწყდეს, თუკი ოკუპანტ ძალას არ აწყობს მის მიერ აღიარებულ ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყანაში სიტუაციის მეტად არევა და უფრო მეტი ესკალაცია", - აღნიშნა ჯალაღანიამ დღეს გამარტულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით,ე.წ. არჩევნების თემა საქართველოს ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში არის იმ კლანთა შორის დაპირისპირების საკითხი, რომელთაც უნდათ გადანაწილება ადგილზე ლიდერობისა.
"მათი მცდელობაა, ვინ უფრო დაანახებს ოკუპანტ ძალას თავის პრიორიტეტს და უპირატესობას იმ თანამშრომლობაში და იმ ურთიერთობაში, რომელსაც ჰქვია ოკუპანტი ძალისა და ადგილობრივი მარიონეტების ურთიერთობა. ჩვენს ტერიტორიაზე ნებისმიერი ესკალაცია, სიტუაციის გამწვავება ჩვენთვის არის დამაფიქრებელი და არასასიამოვნო", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.