"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა ევროსაბჭოს საპარლამენტო მონიტორინგის კომიტეტის მიერ მიღებული რეზოლუციის შესახებ სპეციალური განცხადება გააკეთა.
როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ევროსაბჭოს საპარლამენტო მონიტორინგის დასკვნის ტონი ძალზე მკაცრი და კატეგორიულია. მისი თქმით, ვენეციის კომისიამ, ისევე როგორც ასამბლეამ, მკაცრად გააკრიტიკა ამჟამინდელ საარჩევნო სისტემაში არსებული განსხვავება მაჟორიტართა ამომრჩევლების რაოდენობაში.
"ასამბლეამ შეშფოთება გამოთქვა მართლმსაჯულებაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, აგრეთვე სანდო გამოძიებების ნაკლებობის გამო (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (აუეს) პრეცედენტული სამართლის მიხედვით), პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტებასა და სხვა პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებში. როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშშია ნათქვამი, ეს კრიტიკული საკითხებია, რომლებიც პირდაპირ ეხება შესაძლებელ შერჩევით მართლმსაჯულებას, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების და დაპატიმრებების განცხადებებს, სამართლიანი სასამართლოს უფლებას და მოსამართლეთა მიუკერძოებლობას", - აღნიშნა ხიდაშელმა.
ხიდაშელის მტკიცებით, აღნიშნული კომიტეტი ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემების გამო, რომელიც ხშირად არის სისხლის და ადმინისტრაციულ სამართალში, სადაც სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს პირადი ინტერესი.