ფილმი, სადაც ავთო მახარაძე, მაკა მახარაძე, ზურა ყიფშიძე და მარინა ჯანაშია მონაწილეობენ, კინოთეატრებში ახლო მომავალში გამოვა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ახალგაზრდა რეჟისორმა, ზაზა რუსაძემ განუცხადა, გადაღებები უკვე დასრულებულია და სამონტაჟო სამუშაო მიმდინარეობს.
"ამჯერად გადაღებული კადრების დამონტაჟება და დახარისხება მიმდინარეობს. უკვე მოვრჩით გადაღებას და როგორც კი დასრულდება მუშაობა, ფილმი კინოეკრანებზე გამოვა. რა თქმა უნდა, ეს 2012 წელს მოხდება", - განაცხადა რუსაძემ.
რეჟისორმა თავისივე სცენარის მიხედვით გადაღებულ ფილმს "ჩემი საბნის ნაკეცი" დაარქვა. ახალგზრდა რეჟისორისთვის ეს პირველ სრულმეტრაჟიანი ფილმია.
"ზაზა რუსაძეს ჯერ კიდევ გერმანიაში წასვლამდე ვიცნობდი, ჩემს შვილთან მეგობრობდა. "ჩემი საბნის ნაკეცს" რაც შეეხება, როგორი ფილმი გამოვა, არ ვიცი, თუმცა ყველანაირი პირობა გვაქვს, რომ კარგი გამოვიდეს. იმდენად კარგი გუნდი შეკრა და ისეთი ნიჭიერი ხალხი ჩართო ფილმში, რომ დარწმუნებული ვარ, დიდ მოწონებას დაიმსახურებს. ჩემს შვილს თორნიკე ბზიავა თამაშობს. ეს ფილმი შინაგან სამყაროს და წარმოსახვით ცხოვრებას ასახავს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მახარაძემ.
რეჟისორმა ფილმის გადაღება ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით დაიწყო.