ყოფილი სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის განცხადებით, ის საზოგადოებრიც მოძრაობა "ქართულ ოცნებასთან" პერიოდულად თანამშრომლობს, ოფიციალურ სტრუქტურებში კი გაწევრიანებული არ არის.
"ქართულ ოცნებასთან ჯერ-ჯერობით ვთანამშრომლობ როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი. მე მხარს ვუჭერ აღნიშნულ მოძრაობას, მაგრამ ოფიციალურ სტრუქტურაში არ ვარ. რაც შეეხება თანამშრომლობას. ამის შესახებ მომავალში ვილაპარაკოთ. "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობა პერიოდულად მიწევს", - განაცხადა სუბარმა "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სადაც მან "ქართული ოცნების" მხარდამჭერ, ეკა ლემონჯავას უფლებების დარღვევაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ის ამ წუთას არის უფლებადამცველი და ვისთან ითანამშრომლებს მომავალში გაირკვევა.
"მე ამ წუთში ვარ მოქალაქე, ადამიანის უფლებათა დამცველი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველი, ყოფილი სახალხო დამცველი და აქ ვარ როგორც უფლებადამცველი. სადაც არ უნდა ვიყო ყოველთვის დავრჩები უფლებამდაცველი. რა იქნება მომავალში, ვისთან ვითანამშრომლებ ამას დრო გვაჩვენებს", - აღნიშნა სუბარმა.