რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, მიხაილ პროხოროვის მთავარი ამოცანა იმ ამომრჩეველთა ხმების მოპოვებაა, რომელთაც არ სურთ რუსეთის პრეზიდენტად ვლადიმერ პუტინის ხილვა. ამის შესახებ პროხოროვმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში" თავის გვერდზე დაწერა.
"ჩემი ამოცანა ამ არჩევნებზე მდგომარეობს იმაში, რომ მთავარი ანტიპუტინი გავხდე", - წერს პროხოროვი.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთში პუტინის საწინააღმდეგო განწყობა, რომელიც ემზადება მესამედ დაიკავოს ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი, საკმაოდ დიდია.
ექსპერტები აცხადებენ, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემთხვევაში პუტინი ვერ გაიმარჯვებს.
პოლიტოლოგი გიორგი სატაროვი მიიჩნევს, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემთხვევაში რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი არათუ გაიმარჯვებს, არამედ შესაძლოა არჩევნების მეორე ტურშიც კი ვერ გავიდეს.
"პირველ ტურში ხმების დათვლა კანონიერად რომ წარიმართოს, ამჟამად არსებული ტენდენციის გათვალისწინებით სულაც არ არის გარანტირებული, რომ ვლადიმერ პუტინი მეორე ტურში გავა", - განაცხადა პოლიტოლოგმა გეორგი სატაროვმა.
ამავდროულად, გაჩნდა პრეტენზიები ქვეყნის მომქმედი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის მიმართ.
პუტინის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მედვედევი პრემიერის სასარგებლოდ არასაკმარის აგიტაციას ეწევა.
"მეჩვენება, რომ ის ჩუმადაა. ღირსეული იქნებოდა, რომ აქტიურად ჩაერთოს იმ ადამიანის კამპანიაში, რომელიც თავად წამოაყენა პრეზიდენტობის კანდიდატად. ვერ ვხედავ მის აქტიურ როლს..", - განაცხადა კინორეჟისორმა სტანისლავ გოვორუხინმა, რომელიც პუტინის აქტიური მხარდამჭერია.
საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 2012 წლის 4 მარტს უნდა გაიმართოს.