ბიძინა ივანიშვილის ადვოკატ ეკა ბესელიას განხცადებით, კონტროლის პალატა თავის უფლებამოსილებას სცდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეკა ბესელიამ განუცხადა, "ქართული ოცნების" მხრიდან და არც მის მიმართ, უკანონო ანგარიშსწორებას ადგილი არ ჰქონია.
"ის რასაც კონტროლის პალატა აკეთებს, ეს არის პოლიტიკური დევნა. არანაირ უკანონო გადარიცხვას და უკანონო ანგარიშსწორებას არ ჰქონია ადგილი არც "ქართული ოცნების" მხრიდან და არც მის მიმართ. კონტროლის პალატას აქვს საქართველოს კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება, რომ საბიუჯეტო-სახელმწიფო სახსრების კონტროლზე განახორცელოს აუდიტი. მან საბიუჯეტო სახსრები უნდა აკონტროლოს და არა ის, რომ კერძო სამართლის იურიდიულ პირების, ან არასამეწარმეო იურიდიულ პირების ან საზოგადოებრივ მოძრაობების ფინანსური მონიტორინგი აწარმოოს. კონტროლის პალატა ცდება თავის უფლებამოსილებას და პირდაპირ ადასტურებს იმ ძალიან საფუძვლიან ეჭვს და მოსაზრებებს, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ, რომელიც დეკემბრის ბოლო რიცხვებში შევიდა ძალაში, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებუდა, რომ ქართული ოცნების საქმიანობა მოექციათ მაქსიმალურად შეზღუდულ სივრცეში და ხელი შეეშალათ მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის", - განაცხადა ბესელიამ.
მისი თქმით, კონტროლის პალატა იწყებს უკვე უხეშ ჩარევას საზოგადოებრივი მოძრაობის პირვანდელ საქმიანობაში.
"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა გადარიცხვა განხორციელებულია კანონიერად, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და კონტროლის პალატას ნაცვლად პოლიტიკური დევნისა, უნდა იყოს დაკავებული კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და უნდა აკონტროლოს სად იხარჯება საბიუჯეტო სახსრები", - აღნიშნა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ კონტროლის პალატა საზოგადოებრივ მოძრაობას "ქარტულ ოცნებას" "თვალთმაქცურ გარიგებებში" ადანაშაულებს.