საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ვარაუდობს, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ამერიკელი კოლეგის შეხვედრის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
"საქართველოსა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ მოლოდინი გვაქვს ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე. რაც შეეხება იმ საკითხებს, რომლებსაც პრეზიდენტები განიხილავენ, ჩემი მოლოდინით ალბათ ყველაფერ იმაზე იქნება ყურადღება გამახვილებული, რაც ჩვენი თანამშრომლობის სტრატეგიულ ქარტიაში არის შესული", - განაცხადა ვაშაძემ სტრასბურგში, სადაც ის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე სიტყვით წარსდგა,
მისივე თქმით, საქართველოს ყავს ერთი არაკეთილმოსურნე, რომელსაც აშშ-მა და დანარჩენმა დემოკრატიულმა სამყარომ ყოველთვის უნდა შეახსენოს, რომ საქართველოს წინაშე ჩადენილი დანაშაული და აგრესია დავიწყებული არ არის.
გრიგოლ ვაშაძე სტრასბურგიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს, თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში ამერიკიის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.