ანსამბლი "ორერა" საიუბილეო ტურნეს საქართველოს მასშტაბით გეგმავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ანსამბლის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა, გიორგი ძიძიგურმა განუცხადა, ტურნეს ორგანიზატორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, გვინდა რეგიონებში და დიდ ქალაქებში გავმართოთ ჩვენი საიუბილეო ტურნე. ასევე, ველოდებით სტუმარს, რომლის ვიზიტის შემდეგ გადაწყდება ჩვენი გასტროლები საზღვარგარეთაც, სადაც საიუბილეო პროგრამას წარვადგენთ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ძიძიგურმა.
ცნობისთვის, 21 დეკემბერს ანსამბლ "ორერას" 50 წლის საიუბილეო საღამო ფილარმონიის დიდ საკონცერტი დარბაზში მოეწყო, სადაც ანსამბლის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და "ორერას" ცნობილი სიმღერები შეასრულეს. რამდენიმე სიმღერა მათთან ერთად ნანი ბრეგვაძემ და ეკა მამალაძემაც შეასრულეს. "ჩემი მუსიკალური ჩამოყალიბება ანსამბლ "ორერასთან" ერთად მოხდა. ეს დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩემი უსაყვარლესი და საუკეთესო მოგონებები ამ ანსამბლს უკავშირდება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ანსამბლ "ორერას" პირველი წევრები რობერტ ბარძიმაშვილი, თეიმურაზ დავითაია, ზურაბ იაშვილი და თამაზ ფანჩვიძე იყვნენ.