გიორგი ოვაშვილი ახალი ფილმისთვის მსახიობებს არჩევს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" რეჟისორმა განუცხადა, ფილმი სახელწოდებით "სიმინდის კუნძული", ფსიქოლოგიურ დრამაა, რომლის გადაღებაც მაისში დაიწყება და სექტემბრის ბოლოს დამთავრდება.
"გადაღებები მდინარის შუაგულში უნდა უნდა განვითარდეს. მიმდინარეობს ადგილების შერჩევა. ასევე ვეძებთ 16 წლის გოგონას და მოხუც მამაკაცს, რომელიც მიიღებენ ამ ფილმში მონაწილეობას. ჟანრობრივად ფსიქოლოგიური დრამაა, რომლისთვისაც შესაძლოა საზღვარგარეთიდან ჩამოვიყვანოთ მსახიობები", - განაცხადა ოვაშვილმა.
"სიმინდის კუნძული" 4 ქვეყნის - ქართული, ფრანგული, გერმანული და შვეიცარიული - წარმოებაა.
ცნობისთვის, გიორგი ოვაშვილის სარეჟისორო ნამუშევარია მხატვრული ფილმი "გაღმა ნაპირი", რომლის სცენარის ავტორი ნუგზარ შატაიძეა. ფილმი კინოეკრანებზე 2009 წელს გამოვიდა.
12 წლის ბიჭს, რომელიც აფხაზეთიდან დევნილთა თაობას მიეკუთვნება, ცხოვრება მრავალ წინააღმდეგობას უმზადებს. სამოქალაქო ომმა თედოს წაართვა ყველაფერი, რაზედაც კი ოდესმე უოცნებია. ფილმი მოგვითხრობს თედოს მცდელობაზე, დაიბრუნოს იმედი და რწმენა.