ქეთი მაჭავარიანის "მარილივით თეთრი" საქართველოს კინოთეატრებში 9 თებერვლიდან გავა. როგორც რეჟისორმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ფილმის პრეზენტაცია საქართველოს მასშტაბით პირველად ეწყობა.
"ფილმი რამდენიმე ფესტივალზე უკვე წარდგენილი იყო, თუმცა კინოთეატრებში პირველად გავა და უკვე ფართო საზოგადოებას ექნება საშუალება, ნახოს ჩემი ფილმი. "მარილივით თეთრის" სცენარი 2008 წელს დაიწერა, თუმცა დაფინანსების გამო პროექტის განხორციელება მხოლოდ 2010 წელს მოხერხდა. გადაღებები აჭარაში მიმდინარეობდა და გადამღებ ჯგუფთან ერთად მოვიარეთ ყველა ადგილი. ფილმის მიზანია, რომ ადამიანებს მთავარია ჰქონდეს ოცნება, რომელიც შემდეგ აუცილებლად აუხდება", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" მაჭავარიანმა.
ფილმში ნაჩვენებია სამი ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათის მქონე ადამიანი - სამივე ცდილობს შეცვალოს თავისი ცხოვრება.
ფილმში მონაწილეობენ ნინო ქორიძე, გაგი სვანიძე, გიორგი ყიფშიძე, გიორგი გიორგანაშვილი და სხვები. კომპოზიტორია გიო ცინცაძე.
ფილმის პრემიერა შედგა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე, საკონკურსო პროგრამაში "დასავლეთის აღმოსავლეთი", ფილმი მიწვეული მონრეალის, ტალინის, მანჰეიმის ფესტივალებზე. ნაჩვენები იყო კალკუტის, სკოპიეს, მონპელიესა და კოტბუსის ფესტივალების საკონკურსო ჩვენებებზე. კოტბუსში ფილმი დაჯილდოვდა 2 პრიზით - საუკეთესო დებიუტისათვის და მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
2012 წელს ფილმი უკვე რამდენიმე ფესტივალზეა მიწვეული.