"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის, მანანა ნაჭყებიას განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დატოვოს თანამდებობა და მმართველი გუნდის სახელით საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. თუმცა, როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, ხელისუფლების მხრიდან გამორიცხული არაფერია.
"მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლების მთავარი ამოცანა არის პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება. ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ პარლამენტში ჰქონდეთ უმრავლესობა. აქედან გამომდინარე, გამორიცხული ნამდვილად არ არის, რომ პრეზიდენტმა ასეთი ნაბიჯი გადადგას. მე არ მგონია, რომ დღეს ისინი გრძნობდნენ ამის საჭიროებას. ასეთ გადაწყვეტილებას ისინი არჩევნებამდე ძალიან ცოტა ხნით ადრე მიიღებენ იმის მიხედვით თუ რა ვითარება იქნება ქვეყანაში ანუ შეამოწმებენ თავიანთ რეიტინგს და მხოლოდ ამის შემდეგ წავლენ ასეთ უკიდურეს ნაბიჯზე.
", - აღნიშნა ნაჭყებიამ.
მისი თქმით, პრეზიდენტს ჰიპერაქტიური საარჩევნო კამპანია აქვს დაწყებული.
"ხელისუფლებას პულტზე უდევს ხელი. ის ატარებს ძალიან სერიოზულ სოციოლოგიურ კვლევებს. თქვენ ხედავთ როგორი ჰიპერაქტიური საარჩევნო კამპანია აქვს დაწყებული მიხეილ სააკაშვილს", - განაცხადა ნაჭყებიამ.
შეგახსენებთ, რომ არსებობს ვარაუდი იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დატოვოს დაკავებული თანამდებობა და მან "ნაციონალური მოძრაობის" სახელით 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.