9 იანვარს, 11:30 საათზე, 89-ე საჯარო სკოლაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიმდინარეობას დააკვირდებიან.
2010 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა 9 იანვარს ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი ოლიმპიადით დაიწყება. მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილი 133 ცენტრი ოლიმპიადის პირველ დღეს 37750 მოსწავლეს მიიღებს.
2010 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი 100 ათასზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა. გამოცდების ეროვნულ ცენტრში 173 657 განაცხადი შევიდა საქართველოს ყველა რაიონის სკოლებიდან (2010 წელს მოსწავლეებს რამდენიმე საგნობრივ ოლიმპიადაში შეუძლიათ მონაწილეობა). დარეგისტრირდა 10 ათასამდე არაქართულენოვანი მონაწილე. ოლიმპიადაში მონაწილეობს 10 უსინათლო მოსწავლე.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, სასკოლო რეფორმის ხელშეწყობა, სასკოლო ცხოვრების სტიმულირება, მოსწავლეების, პედაგოგების, სასწავლო პროცესის წახალისება, საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გამოვლენა საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის.
2010 წელს ოლიმპიადა 3 ტურად ჩატარდება ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. წელს პირველად ჩატარდება ოლიმპიადა უცხოურ ენებში. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი, შესარჩევი ტური თბილისსა და ყველა რაიონულ ცენტრში 9-17 იანვარს ჩატარდება. 10 იანვარს მათემატიკის ოლიმპიადაში 33775 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2009 წლიდან ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ჩატარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხოური ენები, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინფორმატიკა.
2009 წელს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეთა განაცხადების რაოდენობამ 130 ათასს გადააჭარბა. საუკეთესო მონაწილეები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ. ფულადი ჯილდო მიიღო 10-მა საუკეთესო სკოლამ. გამარჯვებულებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ოლიმპიადებში.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მომზადებასა და ჩატარებას გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს.