საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარის, გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, Human Rights Watch-ის დასკვნა კიდევ ერთი ნიშანია იმისა, თუ რატომ უნდა ჩაჰბარდეს წარსულს "ნაციონალური მოძრაობა" და მათი მმართველობით გამოწვეული შედეგები. ამის შესახებ ცაგარეიშვილმა Human Rights Watch-ის მიერ საქართველოში არსებული მდგომარეობაზე გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები ვერ განვითარდნენ საქართველოში, მიუხედავად აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავებისა.
"ასევე, ნათქვამია, რომ მათ ვერ გამოიყენეს საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედების ბერკეტები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მნიშვნელვანი წარმატების მისაღწევად. როცა პარლამენტარიზმი არ არის განვითარებული, იქ ვერც მედიის და ვერც ადამიანის უფლებების დაცვაზე ვერ ვისაუბრებთ", - განაცხადა დეპუტატმა.
ცაგარეიშვილმა ყურადღება გაამახვილა დასკვნის იმ ნაწილზე, სადაც 26 მაისის მიტინგის დაშლა მწვავედაა შეფასებული და აღნიშნა, რომ "თავისუფალმა დემოკრატებმა" სცადეს ამ საკითხზე საგამოძიებო კომისია შექმნილიყო, თუმცა მმართველმა პარტიამ ინიციატივა ჩააგდო.
"ჩვენც იმ დარღვევებზე ვაპელირებდით, რაზედაც დასკვნაშია სუაბარი. თუმცა მაშინ ხელისუფლებამ ეს არ შეისმინა, ახლა კი ცინიკურად ედრებიან საფრანგეთს და გერმანიას. თუმცა არც ერთ ქვეყანაში, ხალხს ქუჩიდან არ იტაცებენ, არ ხოცავენ და შემდეგ გვამებს, მაღაზიის თავზე არ ყრიან", - განაცხადა დეპუტატმა.