ელდარ შენგელაია კინოს უბრუნდება. ამასთან დაკავშირებით "ჯი-ეიჩ-ენს" კინორეჟისორმა თავად განუცხადა.
"მე მგონი დადგა დრო, რომ კინოში დავბრუნდე. ამ ეტაპზე სცენარის შერჩევით ვარ დაკავებული, მინდა სხვადასხვა თაობის სცენარისტების ნამუშევრებს გავეცნო. რამდენიმე შემოთავაზება უკვე მაქვს. ზაფხულისთვის უკვე ყველაფერი ნათელი იქნება, მაგრამ ვფიქრობ ისევ კომედიას გადავიღებ, როგორ ჟანრზეც ვმუშაობდი", - განაცხადა შენგელაიამ.
როგორც კინორეჟისორმა "ჯი-ეიჩ-ენთან" განაცხადა ჯერ მსახიობების შესახებ არც ფიქრობს.
"ხელოვნებაში კანონი არავის დაუწესებია, ამიტომ ზოგს შეუძლია მსახიობი სცენარის გაცნობამდე აიყვანოს, ზოგი კი პირიქით მუშაობის პროცესში წყვეტს რა როლზე რომელი მსახიობი დასვას. მე პირადად ველოდები სცენარს, რომლის მიხედვითაც შევარჩევ მსახიობებსაც", - აღნიშნა შენგელაიამ.
ელდარ შენგელაია რეჟისორი ფილმებისა "არაჩვეულებრივი გამოფენა", "შერეკილები", "სამანიშვილის დედინაცვალი" და "ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი" და სხვა.
მიღებული აქვს 1988 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის, საქართველოს სახალხო არტისტისა და 1985 წელს სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის წოდება.