ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრიუსელში დღეს გამართულ სხდომაზე სირიის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას დაუჭირეს მხარი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი" დიპლომარიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აქამდე, ბრიუსელში არსებული დიპლომატიური წყაროები საუბრობდნენ იმაზე, რომ ახალი, მე-11 სანქციების პაკეტის ფარგლებში, ე.წ. "შემზღუდავი ღონისძიებების" გატარება იგულისხმებოდა რვა სირიულ კომპანიასა და 22 სირიელი მაღალჩინოსნის მიმართ. მათი აქტივები ევროპაში გაყინული იქნება, ფიზიკურ პირებს კი აკრძალული აქვთ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა.
სირიაში უკვე მეათე თვეა ანტისამთავრობო პროტესტები არ წყდება. ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია ადამიანების დაღუპვის შესახებ. იღუპებიან როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები ასევე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები.
გაეროს მონაცემებით, დაღუპულთა საერთო რაოდენობა 5 ათას ადამიანს აჭარბებს. თავად სირიის ხელისუფლება აცხადებს, რომ შეიარაღებულ პოლიციასთან შეტაკებაში დაღუპულია 2 ათასამდე ძალოვანი.