საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრის, პრეზიდენტობის კანდიდატის ვლადიმერ პუტინის განცხადებებს გამოეხმაურა.
საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2012 წლის 18 იანვარს ნოვო ოგარიოვოში გამართულ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი, პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი კვლავ შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობების თემას, ამიტომ არ იქნებოდა ზედმეტი მისთვის შეხსენება, რომ 2011 წლის 21 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტირი მედვედევმა ვლადიკავკაზში სამხედროებთან გამართულ შეხვედრაზე დაუფარავად აღიარა რუსეთის სამხედრო აგრესიის ნამდვილი მიზანი - საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისათვის ხელის შეშლა.
"ვფიქრობთ, ამ აღიარების შემდეგ ძალისხმევას რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებულ იმ „არგუმენტაციაზე", რომელიც პუტინმა ნოვო ოგარიოვოში შეხვედრაზე გასწია აზრი აღარ ჰქონდა. 2008 წლის მოვლენებს დიდი წინა ისტორია აქვს და ამ ისტორიაში სწორედ პუტინს მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის. ძალაუფლებაში მოსვლისთანავე მან ცხინვალის რეგიონის ხელმძღვანელობას ჩამოაშორა ძალები, რომლებიც ნაყოფიერ დიალოგს აწარმოებდნენ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ახლოს იყვნენ თბილისთან ერთად კონფლიქტის მშვიდობიან მოწესრიგებასთან. მათ ნაცვლად პუტინმა სეპარატისტული რეჟიმის სათავეში მოიყვანა აშკარა კრიმინალი ედუარდ კოკოითი, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებასთან ყოველგვარი კონსტრუქციული დიალოგი გაწყვიტა. კოკოითისთან ერთად რეჟიმის წამყვან თანამდებობებზე პირდაპირ დაინიშნენ რუსი სამხედრო და სპეცსამსახურების ჩინოვნიკები და დაიწყო მათდამი დაქვემდებარებული უკანონო შენაერთებისათვის შეიარაღების მიწოდება, ცხინვალის რეგიონის (ისევე, როგორც აფხაზეთის) მოსახლეობის მასობრივი პასპორტიზაცია", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, საგარეო უწყებაში მიაჩნიათ, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა რუსეთმა მიზეზად გამიყენა და თითქოს ამით "პასუხი გასცა" დასავლეთს და განიზრახა საბოლოოდ ჩამოეშორებინა საქართველოსათვის მისი განუყოფელი ნაწილები.
"ამ გეგმის განსახორციელებლად, რუსეთმა განაცხადა 1996 წლის 19 იანვრის დსთ-ს მეთაურთა საბჭოს გადაწყვეტილებიდან გასვლის შესახებ, რითაც ფორმალურად გზა გაეხსნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამალებულ მილიტარიზაციას. შემდეგი ნაბიჯი იყო რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის ვლადიმერ პუტინის დავალება მთავრობისადმი აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობების გაღრმავების შესახებ, რაც მიზნად ისახავდა საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთთან მჭიდრო ინტეგრაციას. ამავე პერიოდში დაიწყო აფხაზეთში სარკინიგზო ჯარების შეყვანა, რომელთაც უნდა უზრუნველეყოთ საქართველოს ამ ტერიტორიაზე მძიმე სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის მომზადება. სწორედ ქმედებათა ამ ჯაჭვის ლოგიკური გაგრძელება გახდა 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია. ხოლო რუსეთის საჯარისო ფორმირებების ინტერვენცია განხორციელდა არა მხოლოდ ცხინვალის რეგიონში, არამედ ასევე აფხაზეთშიც, სადაც არც ერთი გასროლა არ მომხდარა", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მათივე შეფასებით, მოვლენათა ეს განვითარება არ ტოვებს კითხვებს იმის შესახებ თუ ვინ და რა მიზნებით წამოიწყო ომი.
"შეხვედრის მსვლელობისას პუტინმა „შეშფოთება" გამოთქვა იმის გამო, რომ ამერიკული ანტისარაკეტო სისტემების საქართველოში განთავსების შემთხვევაში მოუწევს რაკეტები დაუმიზნოს საქართველოს. თითქოს რუსეთს არ ჰქონდეს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20% და იქ განლაგებული დამრტყმელი ძალა - სარაკეტო კომპლექსები „ისკანდერი" და „ტოჩკა-უ" რეაქტიული ცეცხლის დანადგარი „სმერჩი", საქართველოზე არ იყოს დამიზნებული. ისევე როგორც საქართველოს წინააღმდეგ არის კონცენტრირებული ოკუპირებულ რეგიონებში რამდენიმე ასეული ერთეული უახლესი ჯავშანტექნიკა, სხვა რუსული უახლესი შეიარაღება. ამასთან, პუტინი აცხადებს რომ დიალოგი მხოლოდ საქართველოს ოპოზიციურ ძალებთანაა შესაძლებელი, რითაც ფაქტიურად უარს აცხადებს საქართველო-რუსეთის სახელმწიფოთაშორის დიალოგზე", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ვაშაძის უწყებაში პუტინის მიერ გრიგოლ ჩხარტიშვილის (ბორის აკუნინი) საკითხსაც შეეხნენ, რომელიც ახლადშექმნილი „ამომრჩეველთა ლიგის" ერთ-ერთი წევრია.
"ლიგა უკმაყოფილებას გამოთქვამს არჩევნების შედეგებით, რის გამოც ამ გაერთიანებამაც და აკუნინმაც პუტინის გულისწყრომა დაიმსახურეს. რუს მწერალს ცინიკურად შეახსენეს, რომ იგი ქართველია და საქართველოსთვის შესტკივა გული და მისი მოქალაქეობრივი პოზიცია თითქოს ამით არის განპირობებული. თუ პუტინისეული ლოგიკით ვიმსჯელებთ გამოვა, რომ მოსკოვისა და რუსეთის სხვა ქალაქების ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული ასი ათასობით რუსეთის მოქალაქეც ქართველი უნდა იყოს.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე რუსეთში გამეფებულმა კორუფციულმა სქემებმა, რომელთა შექმნაც ძირითადად დღევანდელ მმართველ გუნდს უკავშირდება, განუკითხაობამ და ბოლოს სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების მასობრივმა ფალსიფიკაციამ, რუსეთი პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანა. ამ კრიზისიდან გამოსავლის ძიებისას პუტინი დაუბრუნდა აპრობირებულ სქემას - გარეშე მტრის ძიებას და ამ როლისთვის, ტრადიციულად საქართველო აირჩია", - აღნიშნავენ საგარეო უწყებაში.