დღეს, 21 იანვარს, რუსთაველის თეატრში ალექსანდრე ზელდინის სპექტაკლზე 18 წლამდე ასაკის მოზარდები არ დაიშვებიან. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრის საინფორმაციო სამსახურის წარმომადგენელმა, სალომე სირაძემ განუცხადა, სპექტაკლში საკმაოდ თამამი სცენებია.
"სცენაზე იხდიან, შიშვლდებიან და ძალიან თამამი სცენებია, რის გამოც სპექტაკლზე 18 წლამდე ასაკის მოზარდები არ დაიშვებიან. რეპეტიციას თეატრის არც ერთი თანამშრომელი არ ესწრებოდა, ეს რეჟისორის გადაწყვეტილება იყო, რომ მხოლოდ შემოქმედებით ჯგუფი ყოფილიყო ჩართული. როგორც ვიცით, მარტო ერთი ქართველი მსახიობი თამაშობს", - განაცხადა სირაძემ.
რეალურ ამბებზე აგებულ უჩვეულო და თამამ წარმოდგენაში ექვსი ახალგაზრდა სასკოლო დერეფნის მსგავსი ოთახიდან ვერ გამოდის, ისინი ასაკისთვის შეუფერებელი ბავშვური თამაშებით ირთობენ თავს, ცდილობენ, საეჭვო მომავალს ოპტიმისტურად შეხედონ. მღერიან სიმღერებს, ყვებიან ისტორიებს და მაყურებელს სთხოვენ დახმარებას, რათა გაერკვნენ საკუთარ ცხოვრებაში.
თეატრის ექსპერიმენტულ დარბაზში სპექტაკლის "შემეხე" პრემიერა 21 იანვარს გაიმართება. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ალექსანდრე ზელდინი; ტექსტზე მუშაობდნენ ალექსანდრე ზელდინი და დავით გაბუნია; მხატვარი - ქეთი ნადიბაიძე; მუსიკა - ნიკა ფასურის; მონაწილეობენ ქართველი და ინგლისელი მსახიობები.
"შემეხე" რუსთაველის თეატრისა და ბრიტანეთის ნაციონალური თეატრის მემორანდუმის ფარგლებში "idiots company"-ისა და ბრიტანეთის საბჭოს პარტნიორობით განხორციელდა.