დღეს ალექსანდრე ყაზბეგის დაბადებიდან 164 წელი გავიდა. ქართველი მწერალი 1848 წლის 20 იანვარს დაიბადა. აღიზარდა სტეფანწმინდაში, ხევის მმართველის მიხეილ გაბრიელის ძე ჩოფიკაშვილისა და ელისაბედ თარხნიშვილის ოჯახში. მისი ფსევდონიმი იყო ყაზბეგი.
განათლება მოსკოვის სამეურნეო აკადემიაში მიიღო. სამშობლოში დაბრუნებულმა ხელი მიჰყო მწყემსობას, რამაც მისი ახლობლობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. 1879-მდე მეცხვარედ იყო და ზედმიწევნით გაეცნო მოხევეთა ყოფას, გლეხი ხალხის სატკივარს, მეფის ხელისუფალთა და ხალხის ურთიერთობას (ეს პერიოდი ასახა მოთხრობაში "ნამწყემსარის მოგონებანი", 1883). 1879-წლიდან თბილისში ცხოვრობდა.
1880 წელს მოთხრობა "ციცკა" გამოაქვეყნა. ერთ წლის შემდეგ "დროებაში" დაიბეჭდა "ელგუჯა", რამაც დიდი პოპულარობა მოუტანა."ელგუჯას" მოჰყვა "მამის მკვლელი", "ელისო", "ნამწყემსარის მოგონებანი", "ციკო", "განკიცხული", "ხევისბერი გოჩა" და სხვ. უკანასკნელი მნიშვნელოვანი ნაწარმოები "მოძღვარი" 1885 წელს "ივერიაში" დაიბეჭდა. ამის შემდეგ დაიწყო ყველაზე მძიმე ყოფა. ბავშვობიდან გამოყოლილ ახირებულ ხასიათს ფსიქიკური აშლილობაც დაერთო.
მეგობრების გარეშე მარტოდ დარჩენილი, ყველასგან გარიყული მხოლოდ მოთხრობების წერით ირთობდა თავს. პროგრესული დამბლით დაავადებული 42 წლის ყაზბეგი თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც 1893 წელს გარდაიცვალა. 19 დეკემბერს ალექსანდრე ყაზბეგის ცხედარი თბილისიდან ხევში წაასვენეს, ხოლო 22 დეკემბერს სოფელ სტეფანწმინდაში მიაბარეს მშობლიურ მიწას.