თამარ გვერდწითელის კრემლში დაგეგმილ კონცერტზე ქართველმა პროდიუსერმა არაფერი იცის. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დავით ოქიტაშვილმა განუცხადა, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
"არ ვიცი, რამდენიმე ხნის წინ საქართველოში იყო ჩამოსული და აზერბაიჯანში დაგეგმილი კონცერტის შესახებ ვისაუბრეთ. რაც შეეხება კრემლს, ამასთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. თუმცა, იქ არა მგონია კონცერტი ჩაატაროს, იმიტომ რომ 2011 წლის 25 მაისს უკვე გამართა და ვფიქრობ, ასე მიყოლებით არ გააკეთებს", - განაცხადა ოქიტაშვილმა.
თავად მომღერალი კი რუსულ სააგენტო "რია ნოვოსტთან" ინტერვიუში კრემლში დაგეგმილ კონცერტზე საუბრობს.
"ჩემი კონცერტი გაზაფხულზე კრემლში გაიმართება. ეს ძალიან სერიოზული ღონისძიება იქნება როგორც ჩემთვის, ასევე მათთვის, ვისაც უნდა, რომ იუბილე მომილოცოს", - განაცხადა მომღერალმა.
საიუბილეო საღამოს მომღერალი აზერბაიჯანშიც გეგმავს. როგორც დავით ოქიტაშვილი აღნიშნავს, ის გვერდწითელის ამიერკავკასიაში დაგეგმილ კონცერტებს უწევს ორგანიზებას, რომლის ფარგლებშიც მაისამდე აზერბაიჯანში მომღერლის საიუბილეო საღამოს უხელმძღვანელებს.
"თამრიკო პაატა ბურჭულაძის დედის დასაფლავებაზე იყო ჩამოსული და მაშინ შევხვდით ერთმანეთს. მაისამდე მან აზერბაიჯანში საიუბილეო საღამო უნდა გამართოს, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ. ვამაყობ, რომ თამრიკო ასე უყვართ ყველგან, იმიტომ რომ მის კონცერტს აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრო და იქაური კერძო კომპანიები აფინანსებენ", - აღნიშნა ოქიტაშვილმა.
მომღერალს 50 წელი 18 იანვარს შეუსრულდა.