საარჩევნო უბნები საქართველოს მასშტაბით 20.00 საათზე დაიხურა. ხმის მიცემის პროცედურა შეწყდა.
საარჩევნო უბნები დღეს დილის 8 საათზე გაიხსნა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სულ 3 ათას 511 საარჩევნო უბანი მოქმედებდა, მათ შორის 71 სამხედრო საარჩევნო უბანია, 44 კი - საქართველოს ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი საარჩევნო უბანი.
არჩევნების პროცესებს 800-ზე მეტი უცხოელი დამკვირვებელი და დაახლოებით 500 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია ადევნებდა თვალყურს.
საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 7 კანდიდატი მონაწილეობდა _ #1 ლევან გაჩეჩილაძე, #2 არკადი (ბადრი) პატარკაციშვილი, #3 დავით გამყრელიძე, #4შალვა ნათელაშვილი, #5 მიხეილ სააკაშვილი, #6 გიორგი მაისაშვილი, #7ირინა სარიშვილი.
პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად გაიმართა პლებისციტი. სასურველი კანდიდატის შემოხაზვის გარდა, მოსახლეობამ კიდევ 2 კითხვას უპასუხა. პირველი-"უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში" და მეორე-"თანახმა ხართ თუ არა, რომ პარლამენტის მორიგი არჩევნები 2008 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს".
პლებისციტის შედეგების მიხედვით, რომელიც ხელისუფლებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა, მომავალმა პრეზიდენტმა და საქართველოს ხელისუფლებამ ადექვატურად უნდა წარმართონ ქვეყნის განვითარება. ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე დაანახონ დანარჩენ მსოფლიოს ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური ნება.
საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები საარჩევნო დღის დასრულებიდან 24 საათში უნდა გამოქვეყნდეს, საბოლოო შედეგები კი - 4 დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადები მხოლოდ საარჩევნო დავების წარმოქმნის შემთხვევაში შეიძლება დაირღვეს.