დღეს, 20 იანვარს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ლევან ბზვანელის პერსონალური გამოფენა "მე ვჩქარობ ... ნელა" გაიხსნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები: "წყალქვეშ", "ბოთლები", "სპილო", "ეტლი", "მშენებლობა", "ხალიჩა" და სხვა. გამოყენებულია სხვადასხვა მასალა: ტუში, გუაში, ნიტრო, ზეთი, პასტელი. სულ ექსპონირებულია სამოცამდე ნახატი. გამოიფინება ავტორის მიერ ხელთნაკეთი ნაძვისხე და აბაჟურები, რომელიც შემკულია მძივებით, ბისერებით და ნახევრად ძვირფასი ქვებით.
"გამოფენის კონცეფციას საფუძვლად დაედო ლათინური ანდაზა: "festina lente" - იჩქარე ნელა. ამ ლაკონიურ გამოთქმაში თითქოს ურთიერთსაწინააღმდეგო აზრია ჩადებული. ადამიანი ხშირად ჩქარობს, ვინაიდან სიცოცხლე დროში შეზღუდულია. სიჩქარე, ისევე როგორც დრო, თავისთავად კოსმიური მოვლენაა და მათი განსაზღვრება და ინტერპრეტაცია მრავალგვაროვანია. სიჩქარის დროსაც შესაძლებელია სიდინჯე", - აცხადებს ავტორი.
ბზვანელი პროფესიით კინორეჟისორია და ხატვა მისი გატაცებაა. ეს ლევან ბზვანელის მეორე პერსონალური გამოფენაა. პირველი გამოფენა 2002 წელს "N გალერეაში'' შედგა, ამჟამად მხატვარი ახალი ნამუშევრებს წარადგენს.
გამოფენა 25 იანვრამდე გაგრძელდება.