"პრეზიდენტობის კანდიდატის, ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა გოგა ხაინდრავამ დიდუბის მე-10 საარჩევნო უბანზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა ერთ-ერთ ამომრჩეველს, დოდო ჟორჟოლიანს", _ ასეთი განცხადება იუსტიციის მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ხაინდრავამ ამომრჩეველს მხოლოდ იმის გამო მიაყენა შეურაცხყოფა, რომ იგი სააკაშვილის მხარდამჭერია. დოდო ჟორჟოლიანს ჯერჯერობით სამართალდამცავებით ამ ფაქტთან დაკავშირებით არ მიუმართავს.
იუსტიციის მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა ახალი მემარჯვენეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, სოფელ უდეში მოხდა მათი მხარდამჭერის, კახა მერაბიშვილის ფიზიკური შეურაცხყოფა. ტყეშელაშვილის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია მოქალაქე დავით ჩალანდარაშვილი, რომელიც არ მიეკუთვნება არც ერთ პოლიტიკურ პარტიას და არ წარმოადგენს საჯარო პირს.
მინისტრი გამოეხმაურა ლეიბორისტული პარტიის ინფორმაციას შალვა ნათელაშვილის შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ საარჩევნო კანონით გარანტირებულია სახელმწიფო დაცვა. დაცვის გამოყენების მოთხოვნით მთავრობამ მიმართა შალვა ნათელაშვილს, თუმცა მისი წარმომადგენლებისგან მიღებული პასუხით გაირკვა, რომ იგი სახელმწიფო დაცვაზე უარს აცხადებს.
"ჩვენ ახლაც მზად ვართ, მას გამოვუყოთ სახელმწიფო დაცვა, თუ მას აქვს ასეთი სურვილი, ჩვენ ვაცხადებთ მზადყოფნას", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.
იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არკადი პატარკაციშვილის შტაბის წარმომადგენლებზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა გამოძიება, თუმცა შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მათი წარმომადგენლების ცემის ფაქტთან დაკავშირებით არ დადასტურა.