არჩევნების დასრულების შემდეგ ფილარმონიაში საზეიმო კონცერტი გაიმართება. თუმცა როგორც მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის სპიკერი დავით ბაქრაძე აცხადებს, ეს არ იქნება სააკაშვილის ან სხვა რომელიმე კანდიდატის გამარჯვებისადმი მიძღვნილი კონცერტი.
ბაქრაძის თქმით, კონცერტი მიეძღვნება არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას.
"წარმატებული არჩევანი ნამდვილად არის ზეიმის საფუძველი და თუკი მოვლენები ასევე დასრულდება, როგორც აქამდე მიმდინარეობს, ზეიმის საფუძველი ნამდვილად გვექნება", - განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, ამ არჩევნებზე არის ქვეყნის მომავალი დამოკიდებული.
მან მოსახლეობას აქტივობისათვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა. ასევე მადლობა გადაუხადა სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც რეაგირება მოახდინეს დარღვევების ფაქტებზე.
მისი თქმით, ფილარმონიაში გაიმართება კონცერტი, სადაც არჩევნების მშვიდობიანად, სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარება აღინიშნება.
კონცერტის პროგრამა ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. როგორც ბაქრაძე აცხადებს, კონცერტზე ელოდებიან ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურს მასში მონაწილეობის მიღება.