მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბი ეხმაურება ლეიბორისტების პროტესტს იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები აწყობენ "საარჩევნო კარუსელებს" და ქალაქში საარჩვენო უბნებზე მოსახლეობა გადაჰყავთ სპეციალური ავტობუსებით.
ლეიბორისტების ამ განცხადებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა მიხიელ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის სპიკერმა დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, ამომრჩევლები ნამდვილად მიჰყავთ უბნებთან, თუმცა ეს არის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო აგიტაციის ნაწილი და არ ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად ხორციელდება კარუსელები და ირღვევა კანონი.
"მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი საარჩევნო უბნამდე ყვითელი ავტობუსით მიდის, წითლით, მანქანით, ფეხით თუ ცხენით, მთავარია, რა ხდება უბნის შიგნით", - განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, ამომრჩევლების უბნამდე მიყვანა ამერიკასა და ევროპაში აპრობირებულია.
"ამისათვის მათ ოფიციალურად ჰყავთ ავტობუსები დაქირავებული. არსებობს სათანადო დოკუმენტაცია", _ განაცხადა ბაქრაძემ და ჟურნალისტებს ეს დოკუმენტაცია წარუდგინა.
"ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება მოსახლეობისთვის შეთავაზება, რომ მათ საარჩევნო უბნამდე მიიყვანენ და ეს ხორციელდება ახლაც. ავტობუსები ოფიციალურადაა დაქირავებული და თუკი იმავეს სხვა რომელიმე პარტია გააკეთებს, ამის საწინააღმდეგო არაფერი გვექნება და მხოლოდ მივესალმებით", - განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით ე.წ. კარუსელების განხორციელება შესაძლებელი ხდება უბნის შიგნით, უბანზე კი დღეს დარღვევა არის გამორიცხული და ამდენად, "ვითომდა კარუსელებზე საუბარიც კი ზედმეტია".