რუსთაველის თეატრში ლევან ხვიჩია "ჩხიკვთა ქორწილს" დგამს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" რეჟისორმა განუცხადა, ვაჟა-ფშაველას საბავშვო პროზა გააერთიანა და სპექტაკლში ახალგაზრდა თაობის მსახიობები დააკავა.
"წინა წელს ვაჟა-ფშაველას 150 წლის იუბილე აღინიშნებოდა. გადავწყვიტეთ, რუსთაველის თეატრსაც შეგვეტანა წვლილი, ვაჟას ნაწარმოებები კომპოზიციის სახით წარმოგვედგინა. შეგნებულად ავარჩიე ახალგაზრდა თაობის მსახიობები, იმიტომ რომ არ მინდა ეს სპექტაკლი სტანდარტული გამოვიდეს. ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილია. გვინდა, "ჩხიკვთა ქორწილი" მოძრავი და სხარტი იყოს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ხვიჩიამ.
"მე შვლის ნუკრს ვთამაშობ. ძალიან საინტერესო სპექტაკლი გამოდის, მასში თავმოყრილია ვაჟას გმირები. რეპეტიციები დეკემბრის ბოლოსკენ დავიწყეთ და ყოველდღე მიმდინარეობს მუშაობა. გვინდა ასეთ მინიმალურ დროში მოვასწროთ სპექტაკლის შეკვრა და მისი პრეზენტაცია", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" რუსთაველის თეატრის მსახიობმა ია სუხიტაშვილმა.
რეჟისორ ლევან ხვიჩიას სპექტაკლის პრეზენტაცია რუსთაველის თეატრში თებერვალშია დაგეგმილი.