ეგვიპტის ხელისუფლებამ 2011 წელს სუეცის არხზე 5,22 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. სუეცის არხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აჰმად ფადელზეს განმარტებით, 2011 წელს გამომუშავებული თანხა, 456 მილიონი დოლარით მეტია, ვიდრე 2010 წელს გამომუშავებული.
ამასთან, გასულ წელს სუეცის არხი გაიარა 17 799 გემმა, რაც 1,1 %-ით ნაკლებია, ვიდრე ერთი წლის წინანდელი მაჩვენებელი. როგორ აღმოჩნდა, რომ მიუხედავად ამისა ეგვიპტის ხელისუფლებამ გემების ტრანზიტით გაცილებით მეტი ფული მიიღო, ფედელმა არ განმარტა.
სატრანზიტო ბაჟი, რომელსაც ეგვიპტე სუეცის არხის ექსპლუატაციის შედეგად იღებს, წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის მთავარ შემოსავალს, ტურიზმთან ერთად.
2011 წლის დეკემბერში ეგვიპტის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სატრანზიტო ტვირთების ტარიფი, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში არ შეცვლილა, 2012 წლის მარტიდან 3%-ით გაიზრდება.
სუეცის არხი, რომლის სიგრძე შეადგენს 193 კილომეტრზე მეტს, წარმოადგენს ხელოვნურ სანაოსნო არხს, რომელიც წითელ და ხმელთაშუა ზღვებს აკავშირებს. ეს არხი საშუალებას იძლევა განხორციელდეს ზღვით ტვირთის გადატანა ევროპიდან აზიაში და უკან უმოკლესი გზით, ამასთან, წარმოადგენს საზღვაო ტრანსპორტით ყველაზე დატვირთულ არტერიას.