ქართველი მომღერლის, მაყვალა ქასრაშვილის საიუბილეო საღამო რუსეთის დიდ თეატრში გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" რუსეთის დიდი თეატრის საოპერო დასის ხელმძღვანელმა განუცხადა, მასთან ერთად სცენაზე ქართველი მომღერლები - პაატა ბურჭულაძე, ზურაბ სოტკილავა და ბადრი მაისურაძე წარდგებიან.
"ჩემთან ერთად სამი ქართველი მომღერალი წარდგება. ასევე, სპეციალურად ჩემი იუბილესთვის, ველოდები იტალიიდან ცნობილ მომღერალს, რომელსაც მოსაწვევი ახლა გავუგზავნე და ვინაობას ჯერ ვერ დავასახელებ. კონცერტზე შევასრულებ ჩემს საყვარელ ნაწყვეტებს, რომელიც თეატრში სპექტაკლებში მიმღერია. პროგრამა უკვე შედგენილი მაქვს. იგი ორგანყოფილებიანი იქნება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ქასრაშვილმა.
მსოფლიოში აღიარებული ქართველი პრიმადონა მაყვალა ქასრაშვილი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, რუსეთის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატია. დღეს იგი მოსკოვის დიდი თეატრის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელია, სადაც შემოქმედებით მუშაობას განაგრძობს.
მაყვალა ქასრაშვილი საქართველოში 2011 წელს, მერიის ინიციატივით ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ის მეგობრებთან ერთად - ნუნუ გაბუნიასთან, მარიკა კვალიაშვილთან, ნუნუ დუღაშვილთან და ნანული აბესაძესთან ბათუმში ოპერის თეატრის გახსნაზე "ქეთო და კოტეს" პრემიერას დაესწრო.