პრეზიდენტობის კანდიდატის, მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბში არჩევნებთან დაკავშირებით პირველი ოფიციალური კომენტარი შტაბის სპიკერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა. ბაქრაძე ოპოზიციის კანდიდატებს და საარჩევნო შტაბებს მოუწოდებს, რომ პროვოკაციაზე არ წავიდნენ და მოსახლეობას საშუალება მისცენ საკუთარი არჩევანი მშვიდ გარემოში გააკეთონ.
"ეს არჩევნები უნდა იყოს ღირსეული და არავის აქვს უფლება მოახდინოს არჩევნების დისკრედიტაცია. ეს არ არის რომელიმე კანდიდატის არჩევნები, ეს არის საქართველოს არჩევნები",- აცხადებს დავით ბაქრაძე.
როგორც მან აღნიშნა, დღეს დილიდან პირადად მოინახულა რამდენიმე საარჩევნო უბანი და აცხადებს, რომ "პირველი რაც ძალიან კარგია, არის ის რომ უბნებში დგას რიგები და ამომრჩეველი აქტიურობს. ამასთან არჩევები მიმდინარეობს ძალიან მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
იგი იმედოვნებს, რომ საარჩევნო პროცესი ასეთივე მშვიდ გარემოში გაგრძელდება.
ბაქრაძის თქმით, დილიდან ოპოზიციის კანდიდატები და საარჩევნო შტაბები ცდილობენ "შექმნან ისეთი ფონი თითქოს არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს და ისინი დისკრედიტაციას უწევენ საარჩევნო პროცესს".
მისი თქმით, მიმდინარეობს იმ ფაქტების გადამოწმება რა დარღვევებზეც ოპოზიციირ შტაბებში საუბრობდნენ და მისი ინფორმაციით დარღვევების ფაქტები არ დასტურდება.
ამ თემასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი სავარაუდოდ სააკაშვილის საარჩევნო შტაბში დღეს 15:00 საათზე გაიმართება.