"დიდ თეატრში რუსეთ-საქართველოს პოლიტიკის გამო არავინ იჩაგრება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" რუსეთის დიდი თეატრის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელმა, მაყვალა ქასრაშვილმა.
"არავითარი პოლიტიკური სარჩული არ უდევს ზურაბ სოტკილავასა და ნიკოლოზ ცისკარიძის უთანხმოებას თეატრში. პირიქით, მიუხედავად მათი მწვავე კომენტარისა, თეატრის ხელმძღვანელობა ცისკარიძეს დასში ტოვებს, სოტკილავას კი წელიწადში 1 ან 2 სპექტაკლში შეუძლია იმღეროს. რუსეთ-საქართველოს პოლიტიკა ვინმეს ხელს რომ უშლიდეს, მე ვერ ვიქნებოდი საოპერო დასის ხელმძღვანელი და ვერც ბადრი მაისურაძე იქნებოდა აქ", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" ქასრაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ცისკარიძეს რუსეთის დიდ თეატრში სიტუაცია პრესაში მის მიერ დაბეჭდილი კრიტიკული წერილის შემდეგ დაიძაბა. თუმცა რუსეთის დიდი თეატრის ხელმძღვანელობამ ნიკოლოზ ცისკარიძის პედაგოგობიდან მოხსნის შესახებ განცხადება გააუქმა. სახალხო არტისტი დიდ თეატრში პედაგოგის მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.
"ცისკარიძე ძალიან მწვავე განცხადებას აკეთებდა, როგორც ხელმძღვანელების, ასევე განახლებული თეატრის შესახებ, თუმცა მას დიდ პატივს სცემენ. იმ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები, რომლითაც მას პედაგოგიური მოღვაწეობა უუქმდებოდა, მოგვარებულია", - აღნიშნა ქასრაშვილმა.
დიდი თეატრის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, არ დაარღვიონ ხელშეკრულება და ცისკარიძემ განაგრძოს მუშაობა ნახევარ განაკვეთზე, ბალეტის პედაგოგად. ეს გადაწყვეტილება გათვალისწინებულია თავად სოლისტის სურვილის საფუძველზედაც და იგი გააგრძელებს პედაგოგიურ მუშაობას 30 ივნისამდე.