რუსეთის დიდი თეატრის ხელმძღვანელობამ ნიკოლოზ ცისკარიძის პედაგოგობიდან მოხსნის შესახებ განცხადება გააუქმა. სახალხო არტისტი დიდ თეატრში პედაგოგის მოვალეობის შესრულებას განაგრძობს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" რუსეთის დიდი თეატრის საოპერო დასის ხელმძღვანელმა, მაყვალა ქასრაშვილმა განუცხადა, მისთვის თეატრიდან წასვლა არავის მოუთხოვია.
"ვის აქვს უფლება, ცისკარიძე თეატრიდან გაუშვას, ის წამყვანი სოლისტია. რაც შეეხება მისი პედაგოგობიდან მოხსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ეს სიმართლეს შეესაბამება, თუმცა დღეს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ის დაეტოვებინა თეატრში, როგორც პედაგოგი და ცისკარიძე განაგრძობს მუშაობას. ეს რომ მომხდარიყო, ვიტყოდი, რომ უსამართლობას ჰქონდა ადგილი, იმიტომ, რომ ნიკოლოზ ცისკარიძე უნიჭიერესია და აქ დიდ პატივს სცემენ", - განაცხადა ქასრაშვილმა.
დიდი თეატრის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, არ დაარღვიონ ხელშეკრულება და ცისკარიძემ განაგრძოს მუშაობა ნახევარ განაკვეთზე, ბალეტის პედაგოგად. ეს გადაწყვეტილება გათვალისწინებულია თავად სოლისტის სურვილის საფუძველზედაც და იგი გააგრძელებს პედაგოგიურ მუშაობას 30 ივნისამდე.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ცისკარიძეს რუსეთის დიდ თეატრში სიტუაცია პრესაში მის მიერ დაბეჭდილი კრიტიკული წერილის შემდეგ დაიძაბა.
"ცისკარიძე ძალიან მწვავე განცხადებას აკეთებდა, როგორც ხელმძღვანელების, ასევე განახლებული თეატრის შესახებ, თუმცა მას დიდ პატივს სცემენ. იმ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები, რომლითაც მას პედაგოგიური მოღვაწეობა უუქმდებოდა, მოგვარებულია", - აღნიშნა ქასრაშვილმა.