თბილისში საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი "ამირანი", 7-12 მაისს მეექვსედ გაიმართება. ფესტივალს ორგანიზებას უწევენ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნვერსიტეტის სტუდენტები. დირექტორები არიან დავით ჯანელიძე და ჯაბა სიხარულიძე.
6-დღიანი ფესტივალის პროგრამა მოიცავს ძირითად საკონკურსო პროგრამას , რომელზედაც ფილმების მიღება დღეიდან დაიწყო და 2 თვეს გაგრძელდება. წინა წლების გამოცდილებით, ათობით ქვეყნის კინოსკოლა მიიღებს მონაწილობას კონკურსში. გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან: "საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური მხატვრული ფილმი", "საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური დოკუმენტური ფილმი", "საუკეთესო მოკლემეტაჟიანი ანიმაციური/ექპერიმენატალური ფილმი" და "ჟიურის სპეციალური პრიზი".
საკონკურსო პროგრამას შეაფასებს საერთაშორისო ჟიური, რომლის შემადგენლობაც ყოველ წელს იცვლება. უკვე ცნობილია, რომ წელს თბილისს ესტუმრება პოლონეთის, ლოძის კინოსკოლის დეკანი, ანჯეი ბედნარეკი, საქართველოს წარმომადგენელი კი ნანა ჯორჯაძე იქნება. ფესტივალის განმავლობაში ჟიურის წევრები ჩაატარებენ მასტერკლასს ან სამუშაო შეხვედრას სტუდენტებისთვის, რაც მათ პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. ჟიურის ორი სხვა წევრის ვინაობა სულ მალე გახდება ცნობილი.