შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა 10-ლარიანი დახმარება პენსია არ ყოფილა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერიის სოციალური და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა ქაცარავამ კობა დავითაშვილის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, ქალაქის მუნიციპალიტეტს პენსიის დაკლების ან მომატების უფლება არ აქვს, 10-ლარიანი დანამატი კი იყო ერთწლიანი დახმარების პროგრამა პენსიონერებისთვის, რომელიც დასრულდებოდა მაშინვე, როგორც კი პენსია გაიზრდებოდა.
"სექტემბრიდან ბიუჯეტში აისახა პენსიის 20-ლარიანი მატება და 10-ლარიანი დახმარება ამიტომ შეჩერდა. მაგრამ იმის გამო, რომ პენსიონრების მდგომარეობა არ გაუარესებოდათ, ქალაქის მერიამ ამ 10 ლარის დაზღვევის პოლისში კონვერტაცია გადაწყვიტა, რომელიც გაცილებით უფრო ღირებული და მნიშვნელოვანია პენსიონერებისთვის, ვიდრე კონკრეტული 10 ლარი. ამავე კატეგორიაში გამოიყო ბენეფიციარები, რომლებიც დაზღვეულნი იყვნენ. ქალაქის მთავრობამ ამაზეც იზრუნა და ისინი თებერვალში, ელექტროენერგიის და გაზის დანახარჯის დასაფარად 120-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ",- აღნიშნა მამუკა ქაქცარავამ.
მისივე თქმით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პენსიონერების მდგომარეობა არ გაუარესებულა.
"პირიქით, მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა, რადგან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პენსიონერებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გაცილებით უფრო ცივილიზებულია, ნებისმიერი სოციალური დახმარება კონვერტირებული იყოს რაიმე პოლისში ან ვაუჩერში, ვიდრე ფულადი დახმარების სახე ჰქონდეს. ესეც სოციალური სამართლიანობის პრინციპია",- განაცხადა ქაცარავამ.