პოლონეთის სამხედრო -საჰაერო ძალების გენერალს ანჟეი ბლასიკს სმოლენსკში მიმავალი პრეზიდენტის თვითმფრინავის "ტუ-154"-ის პილოტების კაბინაში არავითარი განკარგულება არ გაუცია. ბლასიკს აქამდე ბრალი ედებოდა საპრეზიდენტო ბორტის ეკიპაჟზე ზეწოლაში, მაგრამ მისი ხმა კაბინაში არ ისმის. ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პოლონეთის სამხედრო პროკურატურის წარმომადგენელმა გააკეთა, თუმცა მან არ დაადასტურა თუ ვის ეკუთვნოდა ხმა, რომელიც ადრე გენერალ ბლასიკისა ეგონათ.
გასული წლის ზაფხულში, საერთაშორისო საავიაციო კომიტეტმა, რომელიც რუსეთში ბაზირდება და რომელიც კატასტროფის მიზეზებს იძიებდა, განაცხადა, რომ გენერალი ბლასიკი მიწასთან შეჯახების მომენტამდე პილოტების კაბინაში იმყოფებოდა და ეკიპაჟზე ზეწოლას ახორციელებდა.
მას, კერძოდ, ბრალი ედებოდა დაშვების დროს განკარგულებების გაცემაში.
პოლონური პროკურატურის ინფორმაციით, ერთმნიშვნელოვანი დამადასტურებელი ფაქტები იმის შესახებ, რომ გენერალი ბლასიკი პილოტების კაბინაში შედიოდა არ არსებობს.
"სამწუხაროდ, ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, თუ რა გახდა კატასტროფის მიზეზი შეუძლებელია", _ განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ პროკურატურის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა კიდევ ერთხელ შეისწავლეს პილოტების კაბინაში არსებული ჩანაწერები და ეკიპაჟის წევრების ხმები და ასევე მათი, ვინც შესაძლოა ფრენის დროს პილოტების კაბინაში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავი 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკთან ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 96-ვე მგზავრი, მათ შორის პრეზიდენტი და მისი მეუღლე დაიღუპნენ. რუსეთის ფედერაციამ კატასტროფის მიზეზად პილოტების შეცდომა დაასახელა.