ხვალ, 17 იანვარს, 14:00 საათზე - ეროვნულ კინოცენტრში თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის „ამირანი" პრესკონფერენცია გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორემა აცნობეს, პრესკონფერენციაზე პრესას და დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ სიახლეებს ფესტივალის ჟიურის, ჩატარების თარიღის, სტუმრების და პროექტების შესახებ.
ფესტივალს ორგანიზებას უწევენ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ხოლო დირექტორები არიან დავით ჯანელიძე და ჯაბა სიხარულიძე.
ფესტივალი "ამირანი" 1978 წელს დაარსდა კინო კავშირისა და "თეატრალური ინსტიტუტის" თაოსნობით, ასევე ისეთი მნიშვნელოვანი პიროვნებების ხელშეწყობითა და ინიციატივით, როგორებიც არიან: გოდერძი ჩოხელი, ტატო კოტეტიშვილი, ნანა ჯანელიძე, ნანა ჯორჯაძე, დიტო ცინცაძე, გურამ პეტრიაშვილი, ანდრო ჭიაურელი, დათო ჯანელიძე, შაქრო ჯორჯაძე სხვ.
ფესტივალმა დიდი მნიშვნელობა შეიძინა არსებობის მანძილზე, რადგან იგი დაარსებისთანავე საბჭოთა კავშირის" ყველაზე თავისუფალ ფესტივალად იყო მიჩნეული. "საბჭოთა კავშირის" დაშლასთან ერთად, 1990 წელს კინოფესტივალმა შეწყვიტა ფუნქციონირება. დიდი ხნის უმოქმედობის შემდეგ, 2007 წელს აღდგა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ინიციატივით, რის შემდეგაც ფესტივალმა ყოველწლიური სახე მიიღო. დღესდღეობით ფესტივალში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყანა.