ყაზახეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ პრინციპებს არ შეესაბამებოდა. ეს განცხადება ეუთოსა და ევროსაბჭო საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებმა გააკეთეს.
"მიუხედავად მთავრობის განზრახვისა დემოკრატიული პროცესების გამყარების შესახებ, ჩატარებული არჩევნები არ შეესაბამებოდა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტალურ პრინციპებს", _ აცხადებს დამკვირვებელი ეუთოს მხრიდან ჟოაო სოარეში.
ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, პარლამენტის ქვედა პალატაში მანდატების უმეტესობა მართველი პარტიის "ნურ ოტან"-ის წარმომადგენლებმა მიიღეს და მათ ხმათა 80 % დააგროვეს.
შვიდპროცენტიანი ბარიერი ასევე გადალახა პარტია "აკ ჟოლ"-მა და კომუნისტებმა.
"პარლამენტში ორ პარტიის გასვლას, გარდა სახელისუფლებო პარტიისა შეიძლება კონტროლირებადი არჩევნები ვუწოდოთ, მაგრამ არჩევნებს ხომ კონტროლი არ სჭირდება", _ აცხადებს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელი მიკლოშ ხარაშტი.
აღსანიშნავია, რომ დსთ-ს ქვეყნების სადამკვირვებლო მისიამ ყაზახეთში ჩატარებული არჩევნების შესახებ განაცხადა, რომ ეს არჩევნები "იყო ღია, გამჭვირვალე და ქვეყნის კანომნმდებლობისა და დემოკრატიული ნორმების შესაბამისად ჩატარდა".
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის კანონმდებლობის მიხედვით, მნიშვნელობა არ აქვს თუ რამდენი ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში - ისინი მაინც ჩატარებულად ჩაითვლება.
მასალის გამოყენების პირობები